თბილისი (GBC) – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 150-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს. ტრამპმა, თეთრ სახლში, ბაჰრეინის მემკვიდრე პრინცთან, სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აპირებს 150-ზე მეტ ქვეყანას გაუგზავნოს ერთი წერილი, სადაც ტარიფების დონე იქნება განსაზღვრული.

„ეს ყველასთვის ერთი იქნება. ისინი დიდი ქვეყნები არ არიან და იმდენი ბიზნესი არ აქვთ, რამდენიც მათ, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგალითად, ჩინეთსა და იაპონიას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, მასშტაბური სავაჭრო ტარიფები გამოაცხადა, რასაც „განთავისუფლების დღის“ ტარიფები ეწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოსათვის ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნული გეგმის ფარგლებში თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ევროკავშირისთვის 20%-იანი, ჩინეთისთვის 34%-იანი, იაპონიისათვის 24%-იანი, ქვეყნების უმეტესობისთვის კი, მათ შორის საქართველოსთვის, 10%-იანი ტარიფების დაწესება.

მოგვიანებით, უკვე 8 ივლისს, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმად, საპასუხო ტარიფების ამოქმედების ვადამ 1-ელ აგვისტომდე გადაიწია. აქამდე არსებული ვადების გათვალისწინებით, აშშ-ის ტარიფები 9 ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო.