თბილისი (GBC) – „სომხეთის ელექტროქსელების“ ცენტრალურ ოფისში, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შევიდნენ და ჩხრეკას ატარებენ. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლები შენობას იცავენ და ელქსელების თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე არ უშვებენ, წერს სომხური მედია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამთენიისას სამართალდამცველები სომხეთის ელექტროქსელების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ნარეკ კარაპეტიანის სახლში შეიჭრნენ, სადაც ამ დრომდე მიმდინარეობს ჩხრეკა. აღსანიშნავია, რომ ნარეკ კარაპეტიანი სამველ კარაპეტიანის ძმისშვილია.
„ტაშირის“ მფლობელი სამველ კარაპეტიანი 17 ივნისს ხელისუფლების ანტიეკლესიური კამპანიის კრიტიკით გამოვიდა. ამის შემდეგ მის სახლში ერევანში ჩხრეკა ჩაატარეს და კარაპეტიანი დააკავეს. ერევნის სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების სარჩელი და კარაპეტიანს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა ხელისუფლების დამხობის მოწოდებების გამო.