თბილისი (GBC) – ისრაელი ირანში ობიექტზე პარასკევს დილით მიტანილი იერიშის ეფექტიანობას და მის შედეგებს აფასებს. ამის შესახებ ტელეარხი NBC წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა ტელეარხის კითხვას ირანზე მიტანილ იერიშთან დაკავშირებით არ უპასუხა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ისრაელის მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრება.

ისრაელელები ამ იერიშს სიმბოლურ დატვირთვასაც აძლევენ, ვინაიდან დღეს ირანის სულიერი ლიდერი იუბილარია, რომელმაც 14 აპრილს ისრაელზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა.

ძლიერი აფეთქებები იყო დღეს, 19 აპრილს დილით ირანის ქალაქ ისპაჰანის საერთაშორისო აეროპორტთან, რომლის მახლობლად მდებარეობს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა. ირანის მედია სამი აფეთქების შესახებ იუწყება.

მანამდე ამერიკული ტელეკომპანიები CBS და ABC ავრცელებდნენ ცნობებს ისრაელის მიერ ირანზე სარაკეტო იერიშის შესახებ.

ირანის საინფორმაციო სააგენტო FARS წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა არა რაკეტების, არამედ უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ისპაჰანში აფეთქებები ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემის გააქტიურების შედეგი იყო. ამ წყაროს თანახმად, სარაკეტო დარტყმა არ ყოფილა.

13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა.

ირანმა ისრაელზე თავდასხმას უწოდა პასუხი სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე. 1 აპრილს ირანმა ისრაელი დაადანაშაულა დამასკოში ირანის საკონსულოზე ავიადარტყმაში, რომლის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი.