თბილისი (GBC) – წითელ ზღვაზე ხომალდებზე იემენელი ხუსიტების თავდასხმებმა უზარმაზარი გავლენა იქონია სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე. ბოლო 2 თვის განმავლობაში არხის გავლით ვაჭრობის მოცულობა 42%–ით დავარდა, განაცხადა ხუთშაბათს, 25 იანვარს, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტმა იან ჰოფმანმა. „წითელ ზღვაზე ნაოსნობაზე იერიშები ძალიან გვაღელვებს“, – თქვა მან.

გაეროს ექსპერტების მონაცემებით, კონტეინერმზიდების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურად გადიოდნენ სუეცის არხს, წინა წელთან შედარებით, 67%–ით შემცირდა, ხოლო ნავთობის ტრანზიტი 18%–ით ნაკლებია.

წითელი ზღვა და სუეცის არხი გლობალური ვაჭრობისთვის მთავარი სავაჭრო გზებია. სუეცის არხს ყოველწლიურად დაახლოებით 20 ათასი ხომალდი გადის. იემენელი მეამბოხეების მიერ ორგანიზებული თავდასხმების გამო, ბევრმა მსხვილმა სანაოსნო კომპანიამ თქვა უარი ამ მარშრუტზე და მათ გემებს აფრიკის მთელი კონტინენტის გარშემო უწევთ კურსირება. ეს კი ზრდის ტვირთების მიწოდების დროს და ტრანსპორტირების ხარჯებს.

ხუსიტების თავდასხმები

ირანის მიერ მხარდაჭერილი ხუსიტები რეგულარულად უტევენ კომერციულ გემებს წითელ ზღვაზე დრონებით და რაკეტებით მას შემდეგ, რაც რადიკალური მოძრაობა ხამასის მებრძოლები 2023 წლის ოქტომბერში ისრაელს დაესხნენ თავს. ხუსიტებმა განაცხადეს, რომ ომში ხამასის მხარდასაჭერად ჩაერთნენ.

ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით იემენში ხუსიტების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ახორციელებენ იერიშებს. 17 იანვარს აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ხუსიტები გლობალურად მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დააბრუნეს.