თბილისი (GBC) – შეერთებული შტატები და ჩინეთი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმების დასადებად მორიგდნენ. ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 ივნისს თეთრ სახლში განაცხადა. 

„წუხელ მოვაწერეთ ჩინეთთან ხელი, ხომ? ეს-ესაა მოვაწერეთ ხელი ჩინეთთან“, – თქვა თეთრი სახლის მეთაურმა.

ტრამპმა განმარტა, რომ გარიგება ითვალისწინებს ამერიკელი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზრის გახსნას.

აშშ–ის ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლიუტნიკმა მოგვიანებით Bloombergs აცნობა, რომ ხელმოწერა ორი დღის წინ შედგა, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში მიღწეულ შეთანხმებებს ამყარებს.

რა არის ცნობილი აშშ–ჩინეთის გარიგების შესახებ:

1. ჩინეთი იღებს ვალდებულებას, „ავანსის“ სახით მიაწოდოს წიაღისეული;

2. აშშ ჩინელ სტუდენტებს აღუდგენს ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის უფლებას;

3. ახალი სავაჭრო შეთანხმება მზადაა.

ტრამპმა დასძინა, რომ აშშ მზადაა, „შესანიშნავი გარიგებები“ დადოს სხვა ქვეყნებთანაც. კერძოდ, ვაშინგტონმა შესაძლოა „უმსხვილესი“ გარიგება დადოს ინდოეთთან. პრეზიდენტის თქმით, ამით ინდოეთის ბაზარი ამერიკული ბიზნესისთვის გაიხსნება.

2 აპრილს ტრამპმა ამერიკის ეკონომიკის „განთავისუფლების დღე“ გამოაცხადა და საპასუხო ტარიფები დააწესა 180 ქვეყნიდან შესულ პროდუქციას, მათ შორის აშშ–ის უახლოეს პარტნიორ ქვეყნებს. თუმცა, მოგვიანებით ტარიფების დაწესება გადაავადა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ 90 დღეში 90 ქვეყანასთან გააფორმებდნენ სავაჭრო შეთანხმებას და სწორედ ამ ვადით გადაიდო ტარიფების დაწესება. Newsweek წერს, რომ ამ ხნის განმავლობაში თეთრმა სახლმა მხოლოდ ერთი სავაჭრო შეთანხმება გააფორმა – დიდ ბრიტანეთთან.