თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ პრეზენტაცია გააკეთა ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებისა და მათი შესრულების პროცედურების შესახებ, რომლის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

„ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედება დადებითად აისახება როგორც გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ენერგოეფექტური შენობა დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას და მისი გათბობისა თუ გაგრილებისთვის, დაახლოებით 40 %-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. შესაბამისად, ზამთარში გათბობასთან და ზაფხულში გაგრილებასთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

2023 წლის 1 ივლისიდან საქართველოში შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ამოქმედდება, რომელთა დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს. დეკლარაციის წარმოებას პროექტის ავტორები ონლაინ - პლატფორმის მეშვეობით შეძლებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში ატარებს ტრენინგებს მშენებლობის დამპროექტებლებისთვის, რათა მათ დეკლარაციის წარმოება გაუმარტივდეთ.

ტრენინგის ფარგლებში უკვე გადამზადდა 300–მდე არქიტექტორი, უახლოეს მომავალში კი აღნიშნულ ტრენინგს ჯამში 3 500-მდე სპეციალისტი გაივლის.