თბილისი (GBC) – Georgia Capital-ის (GCAP) ჯანდაცვის სერვისები ფართოვდება - კერძოდ კი, ჯანდაცვის სერვისების ბიზნესმა შეთანხმება გააფორმა Gormed LLC-ის რეგიონული ქსელის შესაძენად, რომელიც მოიცავს სამ საავადმყოფოსა და კლინიკას საქართველოს ცენტრალურ ნაწილში.
მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულება 2025 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა. ტრანზაქცია მარეგულირებლის დამტკიცების მოლოდინშია.
„ველით, რომ Gormed 2025 წელს გამოიმუშავებს ₾4.5 მლნ-ის EBITDA-ს. ეს დამატებითი (bolt-on/მიზნობრივი) შეძენა მიზნად ისახავს შემოსავლების ზრდის გაძლიერებას, მაღალი ეფექტიანობის მიღწევას და მომგებიანობის გაუმჯობესებას ოპერაციული სინერგიების გზით“, - აცხადებს GCAP-ის CEO და თავმჯდომარე, ირაკლი გილაური.
მისივე ინფორმაციით, ტრანზაქციის ღირებულება Gormed-ის 2026 წლის სავარაუდო EBITDA-ს მოცულობის მეოთხედს შეადგენს.
GCAP-ის თქმით, შესყიდვის შედეგად, ჯგუფის ჯანდაცვის სერვისების ბიზნესი გააფართოებს თავის საქმიანობას გორში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ხოლო რეგიონულ და საზოგადოებრივ საავადმყოფოებს დაემატება დაახლოებით 80 000 ახალი კაპიტაციის პაციენტი (პაციენტი, რომელიც ამ კლინიკაზეა მიბმული და რომლისთვისაც კლინიკა იღებს დაფინანსებას თითო ადამიანზე).
კომპანიის განცხადებითვე, ინტეგრაციის პროცესის შედეგად მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ეფექტიანობის ზრდა, რომელიც მიღწეული იქნება ცენტრალიზებული შესყიდვებით, დამთხვევადი ინფრასტრუქტურების გაერთიანებით და სერვისების გაფართოებით.
ცნობისთვის, გორმედის ქსელი საქართველოში სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულების კორპორაციას წარმოადგენს და ის შიდა ქართლში 4 მრავალპროფილური კლინიკითაა წარმოდგენილი. კერძოდ, გორის საუნივერსიტეტო კლინიკა; დედათა და ბავშვთა რეგიონული ცენტრი ,,იავნანა“; ქარელის ცენტრალური საავადმყოფო და ხაშურის კლინიკური ცენტრალური საავადმყოფო.