თბილისი (GBC) - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 28 ნოემბერს გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში შპს ,,ბატონო’’ ერთადერთი პრეტენდენტია. წინადადებების მიღება 1–ელ დეკემბერს დასრულდა.

ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და გულისხმობს ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი 2.2 მლნ ლარის ღირებულების დაკონსერვებული ლორის ძეხვის შეძენას.

შეძენილი 116 598 კილოგრამი პროდუქციიდან პროდუქციიდან 10 000 კგ-ს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო 106 698 კგ-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიიღებს.

ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, პროდუქტი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის და არ უნდა შეიცავდეს ხორცის შემცვლელ ინგრედიენტებს.

დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 1–ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია ,,ბატონოს’’ 2021 წლის განმავლობაში 5 სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული ღირებულებით 5.6 მლნ ლარი.

კომპანია დაარსებულია 2015 წელს და  მისი 100%-ის მფლობელი ლეილა ლონდარიძეა.