თბილისი (GBC) – 2022 წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის (BTC) საქმიანობის საოპერაციო დანახარჯი 74 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო და კაპიტალური დანახარჯი კი 17 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. ამის შესახებ BP საქართველოს მესამე კვარტალის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 23 მარტს, BTC-მ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია და სანგაჩალის ტერმინალიდან აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობით ჯეიჰანის ტერმინალზე მე-5000 ტანკერი ჩაიტვირთა.

1768 კმ სიგრძის მილსადენმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2022 წლის მესამე კვარტალის ბოლომდე ჯამში 3.93 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა. მესამე კვარტალის ბოლომდე ჯამში 5 163 ტანკერი დაიტვირთა და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე. 

2022 წლის პირველი სამი კვარტლის მანძილზე, დაახლოებით 164 მილიონი ბარელი (22 მილიონ ტონაზე მეტი) BTC-ს მიერ ექსპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 224 ტანკერში ჩაიტვირთა.

BTC ამჟამად ძირითადად  აზერბაიჯანიდან ACG-ის ნედლი ნავთობის და შაჰ-დენიზის კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს. BTC-ს საშუალებით ასევე გრძელდება კასპიის რეგიონის ნედლი ნავთობის და კონდენსატის სხვა მოცულობების ტრანსპორტირება.

The BTC Co.-ს აქციონერები არიან:

bp (30.1%); SOCAR (25.00%); MOL (8.90%); Equinor (8.71%); TPAO (6.53%); Eni (5.00%); TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%); INPEX (2.50%), ExxonMobil (2.50%) and ONGCVidesh (2.36%).