თბილისი (GBC) – Real estate coverage-ის მონაცემებით, რომელიც საქართველოში უძრავი ქონების ბაზარს იკვლევს,  2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გარეუბნებში 17%-ით  ხოლო ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 13 და 15%-ით გაიზარდა. იგივე მაჩვენებელი თბილისის გარეუბნებში მდებარე ძველი ბინებისთვის წინა წლის ამ პერიოდთან შეფარდებით 24%-ით  ხოლო ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში 17 და 16%–ით გაიზარდა.

მხოლოდ ოქტომბერში, თბილისში საცხოვრებელი ბინების 3 387 ტრანზაქცია დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 20%-ით არის შემცირებული.

საანალიზო პერიოდში თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ზომა 10%-ით ($216 მლნ–ით) არის შემცირებული. ოქტომბერში თბილისში არსებულ ახალ პროექტებზე ტრანზაქციების 19%-იანი ხოლო ძველ პროექტებში 22%-იანი კლება ფიქსირდება.

ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 1 247 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 26%-ით შემცირდა. აჭარის დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზრის ზომა 20%-ით ( $55 მლნ–ით) შემცირდა.

ოქტომბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 26%-იანი, ხოლო ძველ პროექტებში კი 21%-იანი კლება ფიქსირდება.

შეგახსენებთ რომ 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა, ძველ ბინების შემთხვევაში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.