თბილისი (GBC) – თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.

კალაძის თქმით, საბაგირო ერთ გზას ოთხ წუთში დაფარავს და საათში, დაახლოებით, 1 100 მგზავრს მოემსახურება.

„პროექტის განხორციელება 2021 წელს დავიწყეთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. რაც შეეხება მთაწმინდის ფერდს, მიმდინარეობს ახალი სადგურის მშენებლობა. გარკვეული სირთულეები იყო აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. ტერიტორიიდან მოგვიწია რამდენიმე ოჯახის გასახლება იმისთვის, რომ სამუშაოები უსაფრთხოდ განხორციელებულიყო და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, არანაირი საფრთხე არ ყოფილიყო. მთაწმინდის პარკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ჩამოსვლა და პირიქით, შესაძლებელი იქნება ოთხი წუთის განმავლობაში. საბაგირო ერთი საათის განმავლობაში, დაახლოებით, 1 100 მგზავრს მოემსახურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე 21 გონდოლა იმოძრავებს და გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი - 845,55 მეტრი იქნება.