თბილისი (GBC) – შვედეთის სანაპირო დაცვის ცნობით, გაზსადენებზე „ჩრდილოეთის ნაკადსა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ზე გაზის გაჟონვის მეოთხე წერტილიც აღმოაჩინეს. გაჟონვის ორი ადგილი შვედეთის ეკონომიკურ ზონაშია, წერს  Svenska Dagbladet. მანამდე შვედეთის მთავრობა გაზსადენებზე გაჟონვის 3 წერტილზე ავრცელებდა ინფორმაციას.

„ჩრდილოეთის ნაკადებზე“, რომლებიც ტექნიკური გაზით იყო შევსებული, წნევის ვარდნა 26 სექტემბერს დაფიქსირდა და სამ მილსადენზე აღმოაჩინეს გაჟონვები. ამის შემდეგ შვედეთის საზღვაო ხელისუფლებამ ინციდენტის მიმდებარე წყლებში ნაოსნობა აკრძალა.

გერმანიის უსაფრთხოების სამსახურში კი მიიჩნევენ, რომ ინციდენტების შესახებ, რომლებსაც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში დივერსიად მიიჩნევენ, ჩრდილოეთის ნაკადების მილსადენები ვეღარასდროს გახდება ვარგისი გაზის ტრანსპორტირებისთვის. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Tagesspiegel ქვეყნის სამთავრობო წრეებში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ამასობაში, CNN დასავლეთის დაზვერვის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილის მახლობლად ორშაბათს და სამშაბათს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ სულ მცირე მიმდინარე ზამთრისთვის გაზსადენების აღდგენა შეუძლებელი იქნება და დიდი ალბათობით, მინიმუმ 17 მლრდ ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურა გამოყენებას აღარ დაექვემდებარება, ვინაიდან გაზისგან დაცლილ მილებში შევა ზღვის მარილიანი წყალი, რაც კოროზიას გამოიწვევს. 

მილსადენების ოპერატორ კომპანიაში Nord Stream აცხადებენ, რომ გაზის ინფრასტრუქტურის აღდგენის ვადები მათთვის ჯერჯერობით უცნობია.

ჩრდილოეთის ნაკადების ყველა გაზსადენი მილი ბალტიის ზღვის ფსკერზე 1200 კმ სიგრძეზეა გაყვანილი. 4 სმ სისქის კედლების მქონე მილები ბეტონის 12–სანტიმეტრიანი შრით არის დაფარული. პირველი მილის მშენებლობაზე 2,4 მლნ ტ ფოლადი დაიხარჯა და ექსპლუატაციაში სულ მცირე 50 წელი უნდა ყოფილიყო.