თბილისი (GBC) – ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლები ესკალაციის ახალ საფეხურზე გადავიდა: ქურთისტანის, აღმოსავლეთ და დასავლეთ აზერბაიჯანი, ასევე ბელუჯისტანისა და სისტანის პროვინციებში, სადაც უმეტესად სუნიტები ცხოვრობენ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მძლავრი მოძრაობა აგორდა.

სააგენტო haqqin.az-ს ირანელმა პოლიტოლოგმა ნაგი მაჰმუდიმ უთხრა, რომ ირანის ქურთისტანში უკვე მეორე დღეა, საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს. ტებრიზში, არდებილში, კაზვინსა და სხვა ქალაქებში გენდერული სეგრეგაციის წინააღმდეგ პროტესტის გარდა მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობს ეთნიკური აზერბაიჯანელების ეროვნული უფლებების უზრუნველყოფის მოთხოვნით.

მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა ბელუჯისტანსა და სისტანში, სადაც პოლიციელების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად საპროტესტო აქციის ცხრამეტი მონაწილე დაიღუპა, დაჭრილია დაახლოებით 100 ადამიანი. ვითარება უკონტროლო მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ქალაქ ჩაბახარის პოლიციის უფროსმ ა 15 წლის გოგო–ბელუჯი გააუპატიურა.

ეს ინფორმაციაბელუჯისტანისა და სისტანის პარასკევის მეჩეთის იმამმა გაფარ ნაკშბანდიმ დაადასტურა, რომელმაც თქვა, რომ პოლიციის მეთაურმა დაკითხვის მოტივით შეიყვანა გოგო თავის დასასვენებელ ოთახში და იქ გააუპატიურა.

ზახედანის მოსახლეობამ შტურმით აიღო უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივი განყოფილების შენობამ და ხელმძღვანელი, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის პოლკოვნიკი მოკლეს. ზახედანში ამბოხებულებმა კიდევ 3 სამხედრო პირი მოკლეს.

მაჰმუდის თქმით, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქციებმა ქვეყნის ყველა აზერბაიჯანული პროვინცია მოიცვა.

ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი ჰქონდა ცნობილი კომპოზიტორისა და მომღერლის შარვინ ხაჯიპურის დაკავებას. მისი სიმღერა "Baraye", რომელმაც ინსტაგრამზე 400 მილიონი ნახვა დააგროვა, აქციის მონაწილეებმა პლაკატებზე ლოზუნგებად გადაიტანეს და ასევე სხვა პლატფორმებზეც გადაიტანეს, ვიდრე ხელისუფლება მას წაშლიდა.

პოლიტოლოგის თქმით, ისლამური რესპუბლიკის ფუნდამენტი ინგრევა. ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვის აქტიური პროპაგანდაა გაშლილი. ასეთი მოწოდებით გამოვიდნენ მასწავლებლებისა და სტუდენტების პროფკავშირებიც. 9 ოქტომბერს ირანის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების საპროტესტო მარშია დაგეგმილი.

„ჯერჯერობით პროტესტი რეგიონებში იგრძნობა, მაგრამ ეს ტალღა აუცილებლად მიაღწევს ნავთობის საბადოებამდე და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებამდე. როგორც კი ირანელი მენავთობეები შეუერთდებიან პროტესტს და შეწყვეტენ მუშაობას, ისლამური რეჟიმის დამხობა გარდაუვალი გახდება. ირანში აბსოლუტურად ყველაფერი – ეკონომიკით დაწყებული არმიით დამთავრებული – დამოკიდებულია ნავთობის შემოსავლებზე. სხვათა შორის, შაჰის შვილმა რეზა მეჰლევიმ აშშ–ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მთავრობებს მიმართა მოწოდებით, არ დაკმაყოფილდნენ ირანელი ხალხის მხოლოდ მორალური მხარდაჭერით და გაფიცვების ფონდები შექმნან პროტესტის მონაწილეთა ოჯახების დასახმარებლად“, – ამბობს ნაგი მაჰმუდი.

მისივე თქმით, მიტინგებისა და დემონსტრაციების სისხლიანი დარბევა კიდევ უფრო რადიკალურს ხდის საზოგადოების განწყობებს.

ირანში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 წლის მაჰსა ამინი 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის "არასწორად" ტარების გამო. დაკავებიდან რამდენიმე საათში ქალი საავადმყოფოში მოხვდა, სამ დღეში კი გამოცხადდა, რომ იგი "გულის მოულოდნელი შეტევით" გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, პოლიციელებმა დაკავებისას ამინის თავი მანქანაზე არტყმევინეს და ხელკეტებით სცემეს. ამინის ნათესავების თქმით, მას არასოდეს ჰქონია გულის პრობლემები.

1979 წლის ირანის რევოლუციით შემოღებული კანონებით, ქალებს საჯაროდ მოკრძალებულად უნდა ეცვათ და ჰიჯაბს უნდა ატარებდნენ. ამ წესების დაცვას უზრუნველყოფს მორალის პოლიცია, რომელშიც შედიან როგორც კაცი, ისე ქალი თანამშრომლები.