თბილისი (GBC) – ეგვიპტის პორტ დამიეტაში მდებარე ამერიკული მცურავი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) საცავ კომპლექსზე მომხდარი აფეთქება შესაძლოა ირანიდან გაშვებულმა დრონმა გამოიწვია. ამის შესახებ The New York Times ირანულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმა შესაძლოა მიზნად ისახავდა იმის დემონსტრირებას, რომ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში ირანს შეუძლია სერიოზულად შეაფერხოს გლობალური საქონლისა და ენერგორესურსების მიწოდება.
გამოცემის წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, განხორციელდა თუ არა იერიში უშუალოდ ირანის მიერ, თუ რომელიმე ირანის მხარდამჭერი დაჯგუფების მონაწილეობით.
მანამდე ეგვიპტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნილოსის დელტაში მდებარე დამიეტას პორტში ორ გემზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი გემის ძრავის განყოფილებაში გაჩნდა და შემდეგ მეზობელ გემზე გავრცელდა. ეგვიპტის ნავთობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ინციდენტის ზუსტი მიზეზების დადგენა.
ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურებმა უარყვეს ინფორმაცია, თითქოს ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმას მოჰყვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აცნობეს ეგვიპტის პორტში ამერიკულ ტანკერთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ, თუმცა მომხდარის დეტალები არ დაუკონკრეტებია.
