თბილისი (GBC) – რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 30 ივლისის ღამეს უკრაინის რამდენიმე ქალაქზე სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. პარალელურად, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ქალაქ პენზაში, ლოგისტიკურ ობიექტებზე მიიტანეს იერიში.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ობოლონისა და სვიატოშინის რაიონებში ხანძრები გაჩნდა, დაზიანდა ბაზრობის სავაჭრო პავილიონები და ავტოფარეხების კოოპერატივი.

რუსულმა სარაკეტო დარტყმამ ლვოვში სულ მცირე 15 ადამიანი, მათ შორის ერთი მაშველი, დააზარალა. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ხოლო მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აგრძელებენ.

ხარკოვში რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სამრეწველო ზონას დაარტყა. აფეთქებების შესახებ ასევე გავრცელდა ინფორმაცია ვინიცის, ჩერკასის, სუმის, კრივოი როგისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებიდან.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ რადუშნოში, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, „ისკანდერ-М“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტის კერძო სახლზე მოხვედრის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის 5 და 12 წლის ორი გოგონა, დაიღუპა. კიდევ რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.

პოლტავის ოლქში რუსული დრონის დარტყმის შედეგად კერძო საწარმოს საწყობი დაზიანდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის სამიზნე გახდა ასევე ლოგისტიკური კომპანია „ნოვა პოშტას“ ტერმინალი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმამდე განაცხადა, რომ რუსეთი რამდენიმე დღის განმავლობაში ამზადებდა მასშტაბურ საჰაერო იერიშს.

ამავე დროს, რუსეთის პენზის ოლქის ხელისუფლების ცნობით, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა Wildberries-ის კიდევ ერთ ლოგისტიკურ ცენტრს დაარტყეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ერთი ადამიანი, ხოლო დაახლოებით 200 თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა.

რუსული კომპანიის განცხადებით, ხანძრის მიუხედავად, ლოგისტიკური ოპერაციები სხვა ობიექტებზე გადაიტანეს. რუსული მედიის ინფორმაციით, 18 ივლისიდან უკრაინამ Wildberries-ის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე სულ მცირე ცხრა იერიში მიიტანა, მათ შორის მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, კრასნოდარის, ნევინომისკისა და ანექსირებულ ყირიმში სიმფეროპოლის მიმდებარე საწყობებზე.