თბილისი (GBC) - უნგრეთის მხრიდან ბლოკირების მიუხედავად, ევროკავშირი უკრაინას 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მაინც გამოუყოფს. ამის შესახებ უკრაინული მედია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომელიც მან 20 მარტის ღამეს, ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„სესხი კვლავ დაბლოკილია, რადგან ერთი ლიდერი (უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი – რედ.) სიტყვას არ ასრულებს. თუმცა, ნება მომეცით გავიმეორო ის, რაც უკვე ვთქვი კიევში: ჩვენ ამას ასე თუ ისე მაინც გავაკეთებთ“, - განაცხადა ლაიენმა.

ლაიენმა იქვე შეახსენა დამსწრეებს, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინის მხარდასაჭერად 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის გადაწყვეტილება 2025 წლის დეკემბერში მიიღო.

„იყო ერთი პირობა – პირობა იმისა, რომ სამი ქვეყანა (უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი – რედ.) სესხში მონაწილეობას არ მიიღებდა. ეს პირობა შესრულდა. ასე რომ, მოდით მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან აღიარა, რომ ევროკავშირის წინაშე „რთული ამოცანები დგას“, თუმცა დასძინა: „დღეს ჩვენი გადაწყვეტილება განვამტკიცეთ. ეს იყო ძალიან კარგი ევროპული საბჭო“.

ევროკავშირის ლიდერებმა 19 მარტს გამართეს დისკუსია უკრაინისთვის 90 მლრდ ევროს სესხის გამოყოფის შესახებ, თუმცა მათ ვერ შეძლეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ორბანის დაყოლიება ვეტოს მოხსნაზე. ცალკე გაჟღერდა კრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით, ორბანის მიმართ გაკეთებული უადგილო გამონათქვამების გამო.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს კულუარებში განაცხადა, რომ უნგრეთი არ განბლოკავს უკრაინისთვის სასარგებლო არცერთ გადაწყვეტილებას, სანამ ნავთობსადენი „დრუჟბა“ კვლავ არ დაიწყებს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას.

უკრაინის საკითხის განხილვის შედეგად, ევროპულმა საბჭომ 19 მარტს მიიღო დასკვნები უკრაინის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ევროკავშირის 25 სახელმწიფოს ლიდერი, უნგრეთისა და სლოვაკეთის გარეშე.