თბილისი (GBC) – უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა დააანონსა, რაც ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენაზეა დამოკიდებული. გამოცემა „European Pravda“-ს ცნობით, ორბანი უკრაინას „ენერგეტიკულ შანტაჟში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბუდაპეშტი გაზის მიწოდებას მანამ არ განაახლებს, სანამ კიევი ნავთობის ბლოკადას არ მოხსნის.

„უნგრეთიდან უკრაინისთვის გაზის მიწოდება ეტაპობრივად შეწყდება, ხოლო გაზის ის მოცულობა, რომელიც უნგრეთში დარჩება, შენახული იქნება უნგრეთში“, - განაცხადა ორბანმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაბამისი წინადადება მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი.

ორბანის თქმით, უკრაინა ბლოკავს ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობას: „ჯერჯერობით ჩვენ წარმატებით ვიცავთ თავს უკრაინული შანტაჟისგან. დაცული ფასების წყალობით, უნგრელები ყველაზე დაბალ ფასს იხდიან ბენზინგასამართ სადგურებზე. ჩვენ უნდა განვაგრძოთ სვლა, რათა გავარღვიოთ ნავთობის ბლოკადა და უნგრეთი უსაფრთხო ენერგომომარაგებით უზრუნველვყოთ“.

„სანამ უკრაინა ნავთობს არ მოგვცემს, ის უნგრეთისგან გაზს ვერ მიიღებს“, - ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა. მან ასევე დაამატა, რომ ვინაიდან უკრაინა ასევე „უტევს სამხრეთის გაზსადენს, რომელიც უნგრეთს ამარაგებს, ჩვენ უნდა შევქმნათ რეზერვები, ამიტომ უნგრულ გაზსაცავებს უკრაინულების ნაცვლად შევავსებთ. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შევინარჩუნებთ ბენზინზე დაცულ ფასს და გაზზე შემცირებულ ტარიფს!“

„Европейская правда“ იუწყებოდა, რომ ევროკავშირმა მიესალმა უკრაინის ვალდებულებას, ექვსი კვირის განმავლობაში შეაკეთოს რუსული რაკეტით დაზიანებული ნავთობსადენი „დრუჟბა“. მანამდე ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა ფინანსური რესურსებისა და ექსპერტული მხარდაჭერის მობილიზებაზე, რათა უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის მიწოდება აღდგეს.

ბრიუსელში გამართულ ევროპულ საბჭოზე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაბლოკავს უკრაინისთვის არცერთ ხელსაყრელ გადაწყვეტილებას მანამ, სანამ „დრუჟბა“ რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას არ განაახლებს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ კი აღნიშნა, რომ უკრაინა იძულებული გახდება აღადგინოს რუსული ნავთობის მიწოდება, რადგან მას „ფული გამოელევა“.