თბილისი (GBC) – კომუნიკაციების კომისიამ 5G-ის დასანერგად მეორედ ჩატარებულ აუქციონში „მაგთიკომი" ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოაცხადა და მას შესაბამისი სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიები მიანიჭა. კერძოდ, აუქციონის ფარგლებში, „მაგთიკომს" 700, 800 და 3410-3710 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია 15 წლის ვადით მიენიჭა. ლოტების საფასურმა სულ 77 125 735 ლარი შეადგინა, რომლის 30% ოპერატორმა სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადაიხადა, ხოლო დარჩენილი 70% კი ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.
აუქციონის ფარგლებში „მაგთიკომი" ასევე N1 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად გამოცხადდა და შესაბამისი სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიაც მოიპოვა. გარდა ამისა, კომპანიას განაცხადი შემოტანილი აქვს ცალკემდგომ ლოტებზე 2600 მჰც დიაპაზონში, რომელთა აუქციონიც 22 ოქტომბერს გაიმართება. სიხშირეების მოპოვებასთან ერთად, ოპერატორი ვალდებული იქნება მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5G ქსელების აგებისას, კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე აუქციონზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების სავალდებულო მოთხოვნა არ არსებობდა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ლოტს MVNO-ს ვალდებულებით აირჩევდა, საწყის საფასურზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებდა. „მაგთიკომმა" ლოტები MVNO-ს სავალდებულო დაშვების გარეშე შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა" მიიღო, რომლის ფარგლებშიც MVNO-ს დაშვების ვალდებულებასთან ერთად მოიპოვა ლიცენზია მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დასანერგად. დღეისთვის, „სელფი მობაილს" 5G ზუგდიდში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, გონიოსა და კვარიათში უკვე დანერგილი აქვს და ამ პროცესს კვლავ აქტიურად აგრძელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.
5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.