თბილისი (GBC) - Galt & Taggart-ის მიერ ბათუმის უძრავი ქონების მიმოხილვის თანხამად, 2025 წელს, ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა, 2024 წელს შემცირებული გაყიდვების შემდეგ. ზრდის მიუხედავად, გაყიდვების დინამიკა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების დონეს, მაშინ როცა გასაყიდი ბინების რაოდენობა კვლავ მაღალია, რაც ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს. პირველადი ბაზრის ფასმა ზრდა განაგრძო, თუმცა, საინვესტიციო კომპანიის შეფასებით, შენელებული მოთხოვნის და გაზრდილი მიწოდების ფონზე, ფასების მიმდინარე ზრდის ტემპი შესაძლოა არამდგრადი იყოს.
2025 წელს გაყიდვები მეორად ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2022 - 23 წლის ნიშნულს გადააჭარბა, რაც ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანმდევმა გაზრდილმა აქტივობამ განაპირობა. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მეორად ბაზარზე ფასების ზრდა გაგრძელდა.
უძრავი ქონების გაყიდვები
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3Q25-ში, ბათუმში 4 893 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია, აქედან:
- მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 16.8%-ით გაიზარდა (9 თვეში +16.7% წ/წ), რაც ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანმდევმა გაზრდილმა ტრანზაქციებმა განაპირობა.
- პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 34.6%-ით გაიზარდა (9 თვეში +11.8% წ/წ).
Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე 2025 წლის 8 თვეში ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 10.4%-ით გაიზარდა, 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ.
ფასები
2025 წლის სექტემბერში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის ე.წ. Turnkey კონდიციაში) 1 821 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9% ზრდაა.
ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 1,418 აშშ დოლარი შეადგინა.
ქირა
2025 წლის სექტემბერში, ბათუმში საშუალო ფართობის ბინის (30-60 კვ.მ.) ქირის ფასი წლიურად 1.7%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 10.8 აშშ დოლარი შეადგინა.