თბილისი (GBC) - ევროკომისიამ ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3%-მდე გაიზარდა, რაც 1.3 პ.პ.-ით მეტია, ევროკომისიის წინა პროგნოზთან შედარებით. ამ მაჩვენებლით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

თუმცა, ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 2026 და 2027 წლებში შენელდება 5-5.5%-მდე.

ზრდას კერძო და სახელმწიფო მოხმარება განაპირობებს, მაშინ როცა ინვესტიციები შემცირდა ბიზნესის სუსტი ნდობისა და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე.

უმუშევრობის დონე 2027 წლისთვის ოდნავ შემცირდება, თუმცა სტრუქტურულად მაღალი დარჩება.

ინფლაცია 2025 წელს გაიზარდა საკვების ფასების ზრდის გამო, თუმცა, მომავალში ფასებზე ზეწოლა მოსალოდნელია რომ შემცირდეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ სამშაბათს, აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ზრდის მაჩვენებელი სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია".

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება. მისი თქმით, ეს ტენდენცია მომდევნო წლებში გაგრძელდება და 2025-2027 წლებში საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ, 5.9%-ით, კანდიდატი ქვეყნების 3.4%-ით, ხოლო ევროკავშირის ეკონომიკა 1.4%-ით გაიზრდება.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ზრდა წელს ირლანდიას ექნება, სადაც ევროკომისია 10.7%-ის ეკონომიკურ ზრდას მოელის, რაც გაზაფხულის პროგნოზთან შედარებით 7.3%-ით მეტია. მეორე ადგილზეა მალტა 4%-იანი ზრდით, მესამეზე კი კვიპროსი (3.4%-ით).