თბილისი (GBC) – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. მაისში გამოქვეყნებული ანგარიშით EBRD საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელოდა, განახლებული ანგარიშით კი EBRD მოელის, რომ საქართველოში ზრდა, სავარაუდოდ, 6% იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

თუმცა, სამაგიეროდ, შემცირებულია 2024 წლის ზრდის პროგნოზი და ის 5.3%-ის ნაცვლად, 4.5% შეადგენს. ეს ცვლილება, სავარაუდოდ, უფრო მაღალი საბაზო ეფექტიდან გამომდინარეობს. შედარებისთვის, 2024 წლისთვის საქართველოს მთავრობა 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

EBRD-ის პროგნოზი ოდნავ ნაკლებია საქართველოს მთავრობის მოლოდინზე, რომლის თანახმად 2023 წელს ეკონომიკა 6.5%–ით გაიზრდება.

რეგიონის ქვეყნებისთვის EBRD-ის ზრდის პროგნოზი ასეთია:

უკრაინა - ზრდა 1%;

თურქეთი - ზრდა 3.5%;

აზერბაიჯანი - ზრდა 1.5%;

სომხეთი - ზრდა 6.5%;

რუსეთის ფედერაცია - ზრდა 1.5%;

ყაზახეთი - ზრდა 5%.