თბილისი (GBC) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 2,5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 7 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 7 საკვანძო ჭა მოეწყობა, ასევე 5 სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდება.
,,ჯივიპის ახალი მფლობელი, ესპანური კომპანია აქუალია, თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით აქტიურად მუშაობს და 2023 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში სარეაბილიტაციო პროექტებს ახორციელებს. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დოდაშვილის ქუჩაზე, სადაც იცვლება წყლისა და წყალარინების კოროზირებული ქსელი.
საერთო ჯამში პროექტში 750 000 ლარზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს, წყალსადენის კი დეკემბერში დასრულდება"- აკაკი ნიკოლაიშვილი, განაშენიანების პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
შედეგად, ისნის რაიონში დოდაშვილისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.