თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა მთავრობა ამ მაჩვენებლის გადაჭარბებით შესრულებას ელოდება. არსებული კონსერვატიული პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა 114 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ 11,000 დოლარს გადააჭარბებს.
პრემიერმა გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ დაფიქსირდა 7,5%-იანი ზრდა, რამაც საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებს გადააჭარბა. მისი თქმით, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეკონომიკამ 100 მლრდ ლარიან ნიშნულს გადააბიჯა და 104 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებელმა 10,000 დოლარს მიაღწია.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპტიმიზმის საფუძველს ბოლო თვეებში გატარებული რეფორმები იძლევა, განსაკუთრებით ეკონომიკის სამინისტროს სისტემასა და სახელმწიფო საწარმოებში, რაც ქვეყანას კიდევ უფრო ამბიციური მიზნების მიღწევის საშუალებას აძლევს.