თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში ₾25.34 მლრდ-ს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის II კვარტალში კი 4.8%-ით განისაზღვრა.

2025 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (37.1%), განათლება (28.9%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.1%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.8%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (14.3%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.4%).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.5%), მშენებლობა (-2.6%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-7%).

საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.7%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.1%). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (8.9%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.5%), მშენებლობა (7.3%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7%), სახელმწიფო მმართველობა (6.8%), განათლება (6.7%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.4%).

დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2025 წლის 14 ნოემბერს.