თბილისი (GBC) - დედაქალაქში MAN-ის მარკის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადის პრეზენტაცია ხუთშაბათს გაიმართა. ახალი ავტობუსები საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა.
როგორც მერმა აღნიშნა, 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება.
„200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც გასულ წელს შევისყიდეთ, უკვე თბილისშია და მზადაა, დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახუროს... 27 სექტემბრიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაიწყებს ხაზებზე გასვლას და მოემსახურება ჩვენს თანაქალაქელებს, გამოთავისუფლებული 10-მეტრიანი და 12-მეტრიანი ავტობუსები კი სხვადასხვა ხაზზე გადანაწილდება.
დღესდღეობით ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საცობებია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული გავხადოთ. სწორედ ამიტომ, შესაბამისი კვლევების შედეგების გათვალისწინებით, სადაც შესაძლებელია, ყველგან ვაწყობთ საავტობუსო ზოლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
MAN-ის მარკის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.
კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას. ავტობუსები დაბალიატაკიანია და აქვს ოთხი ასასვლელი კარი.
ამ ეტაპისთვის, 76 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გადანაწილებულია რამდენიმე მარშრუტზე, ხოლო დარჩენილი რაოდენობა ეტაპობრივად ჩაანაცვლებს სხვადასხვა ტევადობის ავტობუსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 111.1 მლნ ევროს შეადგენს.
კახა კალაძესთან ერთად ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.