თბილისი (GBC) – ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20მლნ ლარით იზრდება. ძირითადად, ეს მიმართულებები იქნება სტიქია და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც რაჭაში, ასევე გურიაში. აღნიშნული 20 მლნ ლარიც მოხმარდება სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მანამდე, მთავრობის პარასკევის სხდომაზე, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სტიქიის ზონებში დაღუპულების ოჯახები თითოეულ გარდაცვლილზე 20 000–ლარიან დახმარებას მიიღებენ

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მოვარდნილმა ღვარცოფმა 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიის დროს დაკარგულ ერთ ბავშვს ამ დრომდე ეძებენ. გურიაში კი 8 სექტემბერს მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ჩოჩხათის თემის რამდენიმე სოფელი. მეწყრის და წყალდიდობის დროს დაიღუპა სამი ადამიანი, დანგრეულია, სულ მცირე, 10 სახლი.