თბილისი (GBC) – შოვში და გურიაში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახები თითოეულ გარდაცვლილზე ერთჯერად ფულად დახმარებას, 20 000 ლარს, მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის პარასკევის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გურიაში სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახების განსახლებაზე მთავრობა იზრუნებს.

„მინდა ვთქვა, რომ გურიაში ჩვენს ბევრ მოქალაქეს დაენგრა და დაუზიანდა სახლი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა მოქალაქე, ვისაც სახლი დაენგრა, ან გამოუსადეგარი იქნება, უკლებლივ ყველას განსახლება მოხდება., ჩვენ შევუძენთ, ავუშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თვითონ შეიძენენ სახლებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მოვარდნილმა ღვარცოფმა 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიის დროს დაკარგულ ერთ ბავშვს ამ დრომდე ეძებენ. გურიაში კი 8 სექტემბერს მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ჩოჩხათის თემის რამდენიმე სოფელი. მეწყრის და წყალდიდობის დროს დაიღუპა სამი ადამიანი, დანგრეულია, სულ მცირე, 10 სახლი.