თბილისი (GBC) - ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქები ერთმანეთს კვლავ პირდაპირი ავიარეისებით დაუკავშირდნენ. თურქულმა ავიაკომპანია Ajet-მა უკვე ჩამოიყვანა პირველი 150 მგზავრი ანკარიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ფრენები ანკარა-თბილისი-ანკარის საჰაერო ხაზზე Boeing 737-800 და Airbus 320 / 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით, კვირაში 4-ჯერ, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. 

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას ორგანიზებით რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიებით დახვდნენ. მგზავრთა შორის იყო AJet-ის გენერალური დირექტორი კერემ სარპი, საქართველოში თურქეთის ელჩი არჩილ კალანდია, ასევე აეროპორტისა და AJet-ის ხელმძღვანელი პირები. თბილისის მიმართულებით პირველი რეისის შესრულებამდე ოფიციალური ცერემონია გაიმართა ანკარის ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში.

თურქული კომპანია Ajet თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 2024 წლის აპრილიდან ასრულებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე აღნიშნულმა ავიაკომპანიამ ფრენების სიხშირე გაზარდა და პირველი აგვისტოდან სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის  საჰაერო ხაზზე დღეში ორჯერ დაფრინავს.

ამ დროისთვის AJet ანკარიდან 24 ქვეყნის  30 ქალაქში დაფრინავს.  ავიაკომპანია ორიენტირებულია ქსელის გაფართოებაზე, ფლოტის გაზრდაზე და საერთაშორისო საავიაციო ბაზარზე უფრო მსხვილ მოთამაშედ ჩამოყალიბებაზე.

ტავ ჯორჯია, პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობით,  ორიენტირებულია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახალი მიმართულებების განვითარებაზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ რეისებს დღეის მდგომარეობით ჯამში 70-ზე მეტი ავიაკომპანია ასრულებს.