თბილისი (GBC) - recov.ge-ის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, 9.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 17.9%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 21.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 24%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ფართო ცენტრის მეორეულ ბაზარზე 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 13.1% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 8.2%-ით გაიზარდა.

2025 წლის დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,495 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკემბერთან შედარებით 12.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 21.8%-ით, $350 მლნ-მდე გაიზარდა. 

ამასთან, 2025 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 7.7%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - მცირე 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა.

2025 წლის დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 15.4%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 10.4%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 24.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 2.9%-ით გაიზარდა ძველ პროექტებში.