თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა გადაწყვიტეს, „გადაშალონ ომის ფურცელი“ და მშვიდობიან თანაარსებობაზე გადავიდნენ. მისი თქმით, შორს არ არის ის დღე, როცა სომხური ტვირთები პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის, და არა საქართველოს გავლით. 

ამასთან, სომხეთისა და აშშ–ის მთავრობებმა „ტრამპის გზის“ რეალიზაციის ჩარჩო შეათანხმეს, რომლის მშენებლობაც 2026–ის მეორე ნახევარში დაიწყება.

სომხეთში ამბობენ, რომ ახალი ომის რისკი მაინც მაღალია. თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ერევანი და ბაქო ცდილობენ ყველა დაარწმუნონ მოლაპარაკებების პროგრესში, მაგრამ ეს პროგრესი ჯერ არ დამდგარა.

ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს სურს თავი მშვიდობისმყოფელად წარმოაჩინოს, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს აზერბაიჯანთან და თურქეთთან და გახსნის სატრანსპორტო კომუნიკაციებს.