თბილისი (GBC) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 16 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემებიდან დგინდება, რომ საქართველოდან ექსპორტირებული ვაშლის 92% რუსეთზე მოდის.
კერძოდ, სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია $7.3 მლნ-ის ღირებულებით 10 ათასი ტონა ვაშლი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 28%-ით (2.2 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 47%-ით ($2.3 მლნ) გაიზარდა.
ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (9 197 ტონა); 540 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა ბელარუსში, 83 ტონა სომხეთში და 21 ტონა ერაყში.
ამასთან, რაც შეეხება ფასებს, სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი $0.73-ია, რაც 15%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.