თბილისი (GBC) - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) თხილის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. GCCA-ის შეფასებით, თხილის მთლიანი ბაზრის შემთხვევაში, 2021-2024 წლებში ექსპორტის მოცულობის კლების შემდეგ, 2025 წელს ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 18%-მდეა გაზრდილი.
დამატებით, მცირე კლება ფიქსირდება HHI ინდექსსა და წამყვანი კომპანიების საბაზრო წილებში. ამასთან, სახეზეა პროდუქტზე საშუალო ფასების ზრდის ტენდენცია: 2020-2022 წლებში საშუალო ფასის კლების შედეგად, ყველაზე დაბალი ფასი 2022 წელს - კგ-ზე ₾13-მდე დაფიქსირდა.
ექსპორტის ღირებულება 2024 წლისათვის ₾17-მდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს 1 კგ-ის ფასმა ₾23.4 შეადგინა, რაც წინა წლის 10 თვის მაჩვენებელთან შედარებით 35%-იანი ზრდაა.
სააგენტოს შეფასებით, თხილის ბაზარზე არ იკვეთება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები - ბაზრის ექსპორტის დონე ხასიათდება კონცენტრაციის დაბალი ხარისხით, ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტების სიმრავლით და ადგილი არ აქვს დომინანტურ მდგომარეობას.
კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი 2023 წელს დაიწყო. საქართველოდან თხილის ექსპორტი ყველაზე დიდი ოდენობით იტალიაში ხორციელდება, შემდეგ მოდის - გერმანია, ესპანეთი, სომხეთი და სხვ.
GCCA თხილის, ისევე როგორც სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრების მონიტორინგს განაგრძობს.