თბილისი (GBC) - აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა: სამშვიდობო შეთანხმების პოტენციურ მიღწევას აფერხებს არა რუსეთი, არამედ უკრაინა. აღნიშნული რიტორიკა მკვეთრად განსხვავდება ევროპელი მოკავშირეების პოზიციისგან, რომლებიც თანმიმდევრულად ამტკიცებენ, რომ მოსკოვი ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის.

ოთხშაბათს, 14 იანვარს, ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის დაასრულოს უკრაინაში თითქმის ოთხწლიანი ომი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უფრო მეტ თავშეკავებას იჩენს. „ვფიქრობ, პუტინი მზად არის შეთანხმებისთვის, უკრაინა კი — ნაკლებად“, - განაცხადა ტრამპმა.

Reuters-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა აშშ-ის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ყველაზე მასშტაბური სახმელეთო კონფლიქტის მოგვარება, ტრამპმა მოკლედ უპასუხა: „ზელენსკი“.

Reuters წერს, რომ პრეზიდენტის ეს კომენტარი მიანიშნებს უკრაინის ლიდერის მიმართ განახლებულ უკმაყოფილებაზე. ზელენსკისა და ტრამპს შორის ურთიერთობა კარგა ხანია არასტაბილურია, თუმცა, ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წელს გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნეოდა.

კითხვაზე, თუ რატომ თვლის ტრამპი, რომ მოლაპარაკებებს ზელენსკი აბრკოლებს, ტრამპმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე აღნიშნა: „იცით, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ მას უჭირს ამის მიღწევა“.

თავის მხრივ, ზელენსკი საჯაროდ გამორიცხავს ნებისმიერ ტერიტორიულ დათმობას და აცხადებს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, კიევს არ აქვს უფლება უარი თქვას საკუთარ მიწებზე.