თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 დეკემბერს, „ტელეგრამზე“ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, უახლოეს მომავალში მაღალი დონის შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.

ზელენსკის ინფორმაციით, აშშ-თან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს, ამერიკულ მხარესთან კონტაქტი ჰქონდა და ტრამპთან შეხვედრის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

„არც ერთ დღეს არ ვკარგავთ. შევთანხმდით უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე - პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს მომავალში. ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება ახალ წლამდე. დიდება უკრაინას“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მანამდე, გამოცემა Kyiv Post დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპი და ზელენსკი უახლოეს მომავალში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მაღალი ფსონების მოლაპარაკებებს გამართავენ. 

Kyiv Post-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ვიზიტი შესაძლოა 28 დეკემბერსაც შედგეს.