თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 28 დეკემბერს, ფლორიდაში, ტრამპის მამულში შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებები მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს. „ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა და ბევრი საკითხი განვიხილეთ“, – აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ მხარეები სავარაუდოდ უახლოვდებიან შეთანხმებას.
„მე არ მიყვარს პროცენტებით საუბარი. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიდის საქმე. ჩვენ შეიძლება, ძალიან ახლოს ვართ. არის ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი, ძალიან მძიმე საკითხები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიდის საქმე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
დონალდ ტრამპის თქმით, მიღწეული წინსვლა მხოლოდ ერთი დღის შედეგი არ არის.
„ჩვენ დღეს დიდი წინსვლა გვქონდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ბოლო თვის განმავლობაში მოხდა. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი. ეს ძალიან რთული საკითხია“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა დონბასში დემილიტარიზებული ზონის შესახებ.
„ეს არ არის შეთანხმებული, მაგრამ ჩვენ ვუახლოვდებით შეთანხმებას ამ საკითხზე. უდავოდ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადაწყდება“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რაც შეეხება, მან ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ შესანიშნავი დისკუსია ყველა საკითხზე. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს მათი ჩართულობისთვის, ასევე, უკრაინული გუნდის წევრებს, რუსტემ უმეროვსა და ანდრეი გნატოვს.
"ჩვენ განვიხილეთ სამშვიდობო ჩარჩო დოკუმენტის ყველა ასპექტი და გვაქვს შესანიშნავი მიღწევები, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის 90% შეთანხმებულია. შეთანხმებულია, აშშ-უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები 100%-ით. აშშ-ევროპა-უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები თითქმის შეთანხმებულია. სამხედრო საკითხი 100%-ით შეთანხმებულია. კეთილდღეობის გეგმა საბოლოო ეტაპზეა. ჩვენ შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის მშვიდობის დამყარებისთვის მთავარი გასაღები და ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას ყველა საკითხზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შედგა სატელეფონო საუბარი ევროპელ ლიდერებთანაც.
„ჩვენ ასევე გვქონდა ერთობლივი სატელეფონო საუბარი ევროპელ ლიდერებთან. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, შევთანხმდით რომ მომდევნო კვირებში ჩვენი გუნდები შეხვდებიან, რომ დავასრულოთ ყველაფერი. ასევე, პრეზიდენტი ტრამპი და მე შევთანხმდით, რომ ის გვიმასპინძლებს, შეიძლება ვაშინგტონში, ევროპელ ლიდერებთან ერთად, იანვარში. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს თბილი დახვედრისა და მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
დონბასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს რთული შეკითხვაა.
„ჩვენ ვისაუბრეთ 20-პუნქტიან გეგმაზე და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გუნდები ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან. ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, ჩვენი გუნდები არაერთი დღის, კვირისა და თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ეს ძალიან რთული შეკითხვაა. თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს, ჩვენს ხალხს და იმ ტერიტორიას, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი განწყობა ძალიან ნათელია. სწორედ ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ეს ძალიან რთული შეკითხვაა და რა თქმა უნდა, ამ საკითხზე უკრაინასა და რუსეთს განსხვავებული პოზიცია აქვთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, როდესაც "ვსაუბრობთ რეფერენდუმზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ერთ-ერთი გზაა. ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ რეფერენდუმი ამ გეგმის ნებისმიერ პუნქტზე. მე ვთქვი, რომ ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ რეფერენდუმი ამ გეგმისთვის, ან ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს ერთ-ერთი გზაა. ჩვენ შეგვიძლია, კანონის შესაბამისად გამოვიყენოთ პარლამენტი ხმის მისაცემად ან რეფერენდუმის ჩასატარებლად. ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ გეგმა იქნება ძალიან რთული ჩვენი საზოგადოებისთვის, რა თქმა ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, მათ უნდა მისცენ ხმა, რადგან ეს მათი მიწაა, არა ერთი ადამიანის, არამედ ჩვენი ერის მიწაა".
ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უკრაინელებსაც, მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმში, რათა დამტკიცდეს ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმება, ზელენსკიმ დადებითად უპასუხა.
„მათ ამის უფლება აქვთ“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ამის განსახორციელებლად ინფრასტრუქტურა იქნება საჭირო.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ალბათ მოუწევთ გეგმის დამტკიცება პარლამენტის ან სახალხო რეფერენდუმის მეშვეობით.
„ვიცი, რომ მათ ჰქონდათ გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც 91%-ს ომის დასრულება სურს, ამიტომ მათაც სურთ ამის დასრულება, ისევე, როგორც ყველას. რუსეთს სურს მისი დასრულება და ყველას სურს მისი დასრულება. მე მინდა ამის დასრულება, რადგან არ მსურს ამდენი ადამიანის სიკვდილის ნახვა. ჩვენ გვსურს, რომ ეს დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ტრამპს ისიც ჰკითხეს, გეგმავდა თუ არა უკრაინაში ჩასვლას.
„ჩვენ გვსურს შეთანხმების მიღწევა, წასვლა აუცილებელი არ არის. თუმცა, მე შევთავაზე მათ უკრაინაში ჩასვლა და პარლამენტში სიტყვით გამოსვლა. თუ ეს ხელს შეუწყობს. არ ვიცი, დაეხმარება თუ არა. ვფიქრობ, ალბათ დაეხმარება, მაგრამ არ ვიცი“, – განაცხადა ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ უკრაინაში მისი ნახვა ყოველთვის გაუხარდებათ, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება, მზადაა, ეს გააკეთოს.
„არ მაქვს პრობლემა, რომ ეს გავაკეთო. მინდა, გარიგება დავასრულო და აუცილებელი არ იყოს წასვლა. არ ვიცი, მათ ეს დაეხმარება თუ არა. თუ ეს დაეხმარება 25 000 სიცოცხლის გადარჩენას თვეში, მე, რა თქმა უნდა, მზად ვიქნები, ეს გავაკეთო“, – აღნიშნა ტრამპმა.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.