თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 იანვარს X-ზე წერს, რომ გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 300 დრონი და 25 რაკეტა გაუშვა. მისივე ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
„სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ყოველგვარი სამხედრო მიზნის გარეშე, რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე საფოსტო ტერმინალს დაარტყა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. კიევის ოლქში ვითარება რთულია, რადგან რამდენიმე ასეული ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ უნდა შეჩერდეს და თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად აუცილებელია.
„მსოფლიოს შეუძლია, რომ რუსეთის ტერორს უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტებით უპასუხოს. ველით, რომ ამერიკასთან და ევროპასთან უკვე შეთანხმებული დახმარების პაკეტების მოწოდება დაჩქარდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
13 იანვრის ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაში კომპანია DTEK-ის ორი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტი სერიოზულად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, დაბომბვების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დაახლოებით 47 000 ოჯახს. ენერგეტიკოსების განცხადებით, ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, რაც აღდგენით სამუშაოებს ართულებს.