თბილისი (GBC) - უკრაინული მედია წერს, რომ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად დამატებითი 20 მილიონი გირვანქა სტერლინგს ($26.7 მლნ) გამოყო.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ყინვის დროს „ასობით ათასი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები და სკოლები, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“.
ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დახმარება ხელს შეუწყობს „მილიონობით ოჯახის, ბავშვისა და მოხუცის გათბობითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ“.
„ეს თანხები უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო დახმარებას ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში რემონტის, აღდგენის, დაცვისა და გენერირებისთვის, რათა მკაცრი ზამთრის პირობებში სახლები, საავადმყოფოები და სკოლები უზრუნველყოფილი იყოს ელექტრიენერგიითა და გათბობით“, - აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
გარდა ამისა, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და უკრაინას შორის 100-წლიანი პარტნიორობის პირველი წლისთავის აღსანიშნავად, ქვეყანა აფართოებს „სკოლების დაძმობილების“ პროგრამას. აღნიშნული ინიციატივით ისარგებლებს 54 000 ბრიტანელი და უკრაინელი მოსწავლე, რაც ხელს შეუწყობს ორივე სახელმწიფოს გრძელვადიან უსაფრთხოებასა და განვითარებას.
შესაბამისად, მომავალი 3 წლის განმავლობაში, ორივე ქვეყნის კიდევ 300 სკოლა ჩაერთვება სიმბოლურ პროგრამაში — „პარტნიორობის 100 წელი“.
უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ 2025 წლის იანვარში ხელი მოაწერეს ასწლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას.
2024 წლის იანვარში უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერეს ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას, რომელიც გახდა პირველი მსგავსი შეთანხმებების სერიებიდან, გაფორმებული მრავალ პარტნიორთან.