თბილისი (GBC) – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 63,68 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც კომისიის მიმდინარე წლის ბიუჯეტს (32,238 მლნ ლარი) 98%-ით აღემატება. 

ცესკოს ბიუჯეტის თითქმის გაორმაგება, სავარაუდოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.  იმ საარჩევნო უბნებზე კი, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, გაციფრულდება ბიულეტენები. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო)  2023 წლის პირველ ნახევარში, 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო და ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით განსაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.

2024–ის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული იქნება და ამომრჩეველს აღარ მოუწევს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა.