თბილისი (GBC) – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონია 2 ივნისს, საქართველოში, ახალქალაქის სადგურზე გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო Report წერს.

გახსნის ცერემონიაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ოფიციალური პირები მიიღებენ მონაწილეობას.

გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა პროექტის ექსპლუატაციაში ოფიციალურად მიღება 2 ივნისს იგეგმება.

რკინიგზის საერთო სიგრძე 827 კილომეტრია, საიდანაც 213 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ქართული მონაკვეთის მშენებლობა აზერბაიჯანის მიერ გამოყოფილი 775 მილიონი დოლარის კრედიტით დაფინანსდა. სესხის დაფარვა პროექტიდან მიღებული შემოსავლებით მოხდება.

„აზერბაიჯანის რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ 2023 წლის მაისიდან 2024 წლის მაისამდე მიმდინარეობდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაცია, რაც წარმატებით დასრულდა.

რეკონსტრუქციის შედეგად, ხაზის წლიური გამტარუნარიანობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა.