თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სამი კომპანიის - შპს „ეიაიფორის“, შპს „არვიქსისა“ და შპს „რაპირა გრუპის“ საქმიანობაზე, რასთან დაკავშირებითაც სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა.

უწყების ოფიციალური განცხადებით, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ ყოფილა საქართველო და მათი რეგისტრაცია ქვეყანაში მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქსი“ ფაქტობრივად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, თუმცა რეალურად მოსკოვში ოპერირებდნენ და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ განაჩენი 2026 წლის 28 აპრილს გამოიტანა.

„სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

რაც შეეხება მესამე კომპანიას, „რაპირა გრუპს“, გამოძიების ინფორმაციით, იგი დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით იყო დარეგისტრირებული და ვებგვერდ rapira.net-ის საშუალებით ექსკლუზიურად მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს ემსახურებოდა. ამასთან, კომპანიის დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული.

უწყების ცნობით, „რაპირა გრუპს“ საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი საბანკო ბრუნვა, აქტივები ან ოფისები არ უფიქსირდება.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, აგრძელებენ მუშაობას ფინანსურ და კიბერდანაშაულთან ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის აღკვეთის მიმართულებით.