თბილისი (GBC) - რუსთავი აზოტი ინდორამა (RAI) ენერგოეფექტური სასუქების პროექტისთვის ჩვეულებრივი კაპიტალის რესურსებისთვის აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) $50 მლნ-ს სესხულობს. 

სესხის გაცემა ბანკმა უკვე 30 სექტემბერს დაამტკიცა.

RAI-ს სესხი ორი მიზნობრიობით გამოეყო -  კაპიტალური ხარჯებისთვის (CAPEX) არსებული მაღალი სიმკვრივის ამონიუმ-ნიტრატის (HDAN) წარმოების ობიექტის მოდერნიზებისთვის და ენერგოეფექტური კაპექსის მხარდასაჭერად და სამუშაო კაპიტალის სახით.

HDAN არის აზოტით მდიდარი სასუქი, რომელიც ხელს უწყობს მცენარის სწრაფ ზრდას და მოსავლიანობის გაუმჯობესებას.

პროექტის მიზანია RAI-ის ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება, მოძველებული აღჭურვილობის თანამედროვე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიით ჩანაცვლება, ასევე ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოხმარების ოპტიმიზაცია.

პროექტის განმარტების თანახმად, ქარხნის მოდერნიზაცია ასევე ხელს შეუწყობს წარმოებული სასუქების ხარისხის გაუმჯობესებას. შედეგად, სასუქების გაუმჯობესებული ხარისხი აისახება საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ADB-ის განვითარებად ქვეყნებში (DMCs) სოფლის მეურნეობაზე.

ADB-ს თქმით, თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენება არა მხოლოდ ენერგოეფექტურობის მიღწევას უზრუნველყოფს, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფას, ქარხნის გაჩერებებს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სასუქის წარმოებას.

შეგხსენებთ, რომ რუსთავის აზოტს ივლისის ბოლოს სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც (EBRD)  გამოუყო $65 მლნ-ის ოდენობით, რომლითაც ამონიუმის ფოროვანი გვარჯილის საწარმო უნდა ააშენოს. თანხები ასევე გათვალისწინებულია არსებული ობიექტის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის.

Rustavi Azot არის საქართველოში მდებარე ერთ-ერთი უმსხვილესი სასუქების და სამრეწველო ქიმიური პროდუქციის მწარმოებელი კომპანია. მას აქვს წლიური წარმოების მოცულობა 550,000 ტონა ამონიუმის ნიტრატის და ემსახურება კლიენტებს რეგიონში. სესხის სპონსორი (პროექტის განმახორციელებელი) RAI-ს დედა კომპანია Excelus Holdings LLC-ია, რომელიც თავის მხრივ Indorama Corporation Pte Ltd-ის შვილობილი კომპანიაა. 2023 წლის 10 იანვარს Excelus Holdings LLC-მ Rustavi Azot JSC-ს 100%-იანი წილი შეიძინა.