თბილისი (GBC) – საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის აგვისტოს შედეგებს აქვეყნებს და წერს, რომ "აგვისტო საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული დადებითი დინამიკა კომპანიების ძლიერ კვარტალურ შედეგებს, გაუმჯობესებულ ეკონომიკურ გარემოსა და ფედერალური რეზერვის მიერ შერბილებული პოლიტიკის მოლოდინებს უკავშირდებოდა".
საპენსიო ფონდის ინფორმაციით, აგვისტოში, ყველაზე მაღალი - 1.98%-იანი - ზრდა დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელები შესაბამისად 1.51% და 1.22%-ით გაიზარდნენ.
წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობა სამივე პორტფელისთვის საკმაოდ მაღალია:
- კონსერვატიული – 7.29%
- დაბალანსებული – 8.11%
- დინამიკური – 9.20%
დინამიკური პორტფელი გრძელვადიანი შემოსავლიანობის კუთხითაც ლიდერობს - პორტფელების შექმნიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე მისი გაწლიურებული ამონაგები 13.8%-ია, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 12.7% და 11.6%-ს შეადგენენ.
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა აგვისტოს ბოლოსთვის ₾7.4 მლრდ-ს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – ₾1.9 მლრდ-ს გადააჭარბა.