თბილისი (GBC) - საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის დეკემბრის თვის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ დეკემბერში საპენსიო ფონდის პორტფელებმა პოზიტიური შედეგები აჩვენეს, რასაც ხელი შეუწყო როგორც საერთაშორისო აქციების ბაზარზე არსებულმა დადებითმა დინამიკამ, ისე ადგილობრივი აქტივების სტაბილურად მაღალმა შემოსავლიანობამ.
დეკემბერში სამივე პორტფელმა თითქმის თანაბარი, 0.9%-ზე მაღალი შედეგი აჩვენა.
2025 წელი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. პორტფელებს შორის დინამიკური პორტფელი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდით გამოირჩეოდა, თუმცა, დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემოსავლიანობაც საკმაოდ მაღალი იყო:
- დინამიკური – 15.2%
- დაბალანსებული – 13.3%
- კონსერვატიული – 11.8%
ამასთან, დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის მიხედვითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 14.2%-ს უტოლდება, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.1% და 11.8%-ს შეადგენს.
დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ₾8.2 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებული შემოსავლიანობა ₾2.2 მილიარდს აღემატება.