თბილისი (GBC) – საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ ფილიპ რუგენაათს შეხვდა და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ფინანსთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ეკონომიკური ზრდისა და სხვა ფისკალური პარამეტრების გაუმჯობესების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისათვის.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი ირაკლი კაჭარავა.