თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აგვისტოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ($287 მლნ) 23,2% Zolotaia Korona–ს სისტემის მეშვეობით ჩაირიცხა. ამ არხით საქართველოში $66,5 მლნ ჩაირიცხა.

საერთაშორისო სისტემებს შორის ფულად გზავნილებში მეორე ადგილზეა RIA 23%–ით. ამ სისტემით საქართველოში აგვისტოში $66,1 მლნ შემოვიდა.

ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით სისტემების პირველ სამეულს Money Gram კრავს 15,9%–ით – $45,6 მლნ.

Western Union მეოთხე ადგილს იკავებს 15%–იანი წილით და გატარებული $43,2 მლნ–ით.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $287 მლნ (752.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.1%-ით ($47.3 მლნ–ით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა.

2023 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ აშშ დოლარი (76.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოს (29.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0%-ით ნაკლებია.