თბილისი (GBC) - სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარით, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარება 2026 წლის IV კვარტალშიც შენარჩუნდება.
შედეგად გაზრდილი ენერგორესურსების ფასის გავლენით, 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4% იქნება, ხოლო 2027 წლის II კვარტლიდან მნიშვნელოვნად შემცირდება და მიზნობრივ 3%-ს მიუახლოვდება. მომატებული ინფლაციური რისკები კვლავ საყურადღებო რჩება.
წინა სცენარით 2026 წელს 5.2%-იანი საშუალო ინფლაცია ივარაუდებოდა, H1/2026 - დან კლება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივთან (3%) მიახლოება.
სებ-ის მპ-ის ოქტომბრის ანგარიშით, აქედან გამომდინარე, სები ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს
მაღალინფლაციური სცენარი
ერთი მხრივ, სებ განიხილავს მაღალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც მოიაზრებს გეოპოლიტიკური ვითარების უფრო მეტად გახანგრძლივებასა და გამწვავებას. ამასთან, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები და ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტებზე გადასვლა წარმოებასა და ტრანსპორტირებას გააძვირებს. შედეგად, გაძლიერებული გლობალური ინფლაციური წნეხი ადგილობრივ ეკონომიკას გადმოეცემა, რაც მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებასა და მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებას მოითხოვს.
დაბალინფლაციური სცენარი
დაბალინფლაციური რისკის სცენარი გეოპოლიტიკური ვითარების სწრაფ დეესკალაციას მოიაზრებს. ასეთ პირობებში, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების წნეხი მოსალოდნელზე ადრე შემცირდება. ამასთან სცენარი, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის მოსალოდნელზე სწრაფ დეესკალაციასა და გლობალურად შემცირებული ნავთობის ფასების, ადგილობრივ ბაზარზე სრულად გადმოცემას მოიაზრებს. ამასთან, სცენარი ითვალისწინებს პროდუქტიულობის ზრდის ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნებას.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ტრაექტორია დამოკიდებული იქნება საგარეო შოკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის სიძლიერესა და პოტენციურ გავლენაზე. იმ შემთხვევაში, თუ გახანგრძლივებული მიწოდების შოკის შედეგად ინფლაციურ მოლოდინებში ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც მეორე რაუნდის რისკებსაც გააძლიერებს, მპკ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს.
ხოლო ამის საწინააღმდეგოდ მათი მკაფიო შემცირება და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მოსალოდნელზე სწრაფი და მდგრადი დაახლოება მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი ნორმალიზებისთვის შექმნის სივრცეს.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება : საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25% ინარჩუნებს, თუმცა ინფლაციური რისკების ზრდის ფონზე, განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორია ზრდის მიმართულებით გადახედა.
მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა შარშაბ დაინერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახდა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის აღქმადობას და აძლიერებს პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას.
"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.
ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.
