თბილისი (GBC) - ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

"რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელზე  სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ჯივიპის კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ავტომანქანამ ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია. მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად გამოყვანის მცდელობისას ტრანშიის კიდე დამატებით დაზიანდა და ავტომანქანა გადაბრუნდა.

კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე დაფიქსირდა ავტოსაგზაო მოძრაობის წესებისა და სახელშეკრულებო პირობების  დარღვევა - თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ობიექტზე სამუშაო პროცესი შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სახელშეკრულებო პირობების უხეში დარღვევა - თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი.

ჯივიპის შესაბამისი სამსახურები ადგილზე იკვლევენ ფაქტს დეტალურად დაზუსტების მიზნით. მოკვლევის დასრულებისთანავე, კომპანია კონტრაქტორი ორგანიზაციის მიმართ გაატარებს ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ ზომებს", - ვკითხულობთ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებაში.