თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (World Bank) წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება 12-18 ოქტომბერს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში იმართება.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის ხელმძღვანელ პირებთან. გარდა ამისა, დაგეგმილია კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან. ლაშა ხუციშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდასა და წევრი ქვეყნების ჯგუფის (Constituency) შეხვედრაში.

ვიზიტის დღის წესრიგი ასევე მოიცავს შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების, სარეიტინგო სააგენტოებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძეც. იგი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრისა (CCAMTAC) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) შეხვედრებში.