თბილისი (GBC) - 2006 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა (როსპოტრებნადზორი) ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რამდენიმე უმსხვილესი მწარმოებლის, ასევე Coca-Cola-ს ადგილობრივი წარმომადგენლობის პროდუქციის იმპორტი დროებით შეაჩერა. როგორც რუსულუ გამოცემა Kommersant.ru წერს, აკრძალვის ქვეშ მოქცეული ღვინის კომპანიების პროდუქციაზე საქართველოში წარმოებული ღვინის რუსული ექსპორტის დაახლოებით 75-80% მოდის. რუსეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც მოსკოვთან ურთიერთობებში პრაგმატული კურსის ჩამოყალიბებას ცდილობს.
აკრძალვა შვიდი ქართული მწარმოებლის პროდუქციას შეეხო
2006 წლის საყოველთაო ემბარგოდან 20 წლის შემდეგ რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის ნაწილობრივი აკრძალვის შესახებ 9 ოქტომბერს როსპოტრებნადზორის განცხადებიდან გახდა ცნობილი.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთში იმპორტისა და რეალიზაციის დროებითი აკრძალვა შვიდი უმსხვილესი ქართული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლის პროდუქციას ეხება. გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთის ფედერაციაში დადგენილ ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობა სახელდება, მათ შორის, ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით.
აკრძალულ კომპანიებს შორის არიან ქართული ღვინის უმსხვილესი მწარმოებლები: სს „თელიანი ველი“, სს „თბილღვინო“ (Tbilvino), შპს „ასკანელი ძმები“ (Askaneli Brothers) და შპს „ვაინმენი“ (Wine Man).
შეზღუდვა ასევე შეეხო სს „საქართველოს ლუდის კომპანიას“ (ბრენდი Zedazeni) და „ჰელსი უოთერს“ (Healthy Water), რომელიც მინერალურ წყალს „ნაბეღლავს“ აწარმოებს. შეწყდა თბილისის Coca-Cola-ს ქარხნის პროდუქციის იმპორტიც.
როსპოტრებნადზორის გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე რუსეთის სავაჭრო ქსელებმა მაღაზიების თაროებიდან ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ნაწილის ამოღება დაიწყეს.
რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $2 მლრდ-ს გადააჭარბა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ $2 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც წლიურად 19.1%-იანი ზრდაა.
ექვსი თვის განმავლობაში რუსეთმა საქართველოში დაახლოებით $1.5 მლრდ-ის ღირებულების საქონელი შემოიტანა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 4.1%-ით გაიზარდა და $500.7 მლნ შეადგინა.
როსპოტრებნადზორის მიერ აკრძალული ღვინის კომპანიების პროდუქციაზე საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტის დაახლოებით 75-80% მოდის.
ეს მწარმოებლები საქართველოს ეკონომიკისთვის სისტემურად მნიშვნელოვან კომპანიებად მიიჩნევიან.
საქართველო რუსეთისთვის ღვინის უმსხვილესი მიმწოდებელია
რუსული ალკოჰოლური ბაზრის მონაწილეთა მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთში იმპორტირებული ღვინის საერთო მოცულობის 9.4% საქართველოზე მოდიოდა. ამ პერიოდში რუსეთში საქართველოდან 3.67 მლნ დეკალიტრი ღვინო შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2%-ით ნაკლებია.
მიმდინარე წლის რვა თვის შედეგებით, საქართველო რუსეთში ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე იყო პროდუქციის მოცულობით.
შედარებისთვის, მეორე ადგილზე მყოფი იტალიიდან რუსეთში 2.26 მლნ დეკალიტრი ღვინო შევიდა, რაც წლიურად 7.8%-იანი კლებაა.
ქართული ღვინის იმპორტის ნაწილობრივი აკრძალვა რუს მომხმარებლებში ამ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებას დაემთხვა. რუსეთის ალკოჰოლისა და თამბაქოს ბაზრის მარეგულირებლის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში წყნარი ღვინოების საცალო გაყიდვები, რომელთა წარმოებაშიც ქართული კომპანიები სპეციალიზდებიან, წლიურად 2.7%-ით შემცირდა და 26.38 მლნ დეკალიტრი შეადგინა.
რუსეთში ქართული მინერალური წყლის იმპორტიც მცირდება
საქართველოდან მინერალური წყლის ექსპორტიც კლებულობს. „რია ნოვოსტის“ მიერ ადრე გავრცელებული საქართველოს საბაჟო მონაცემების თანახმად, აგვისტოში რუსეთმა ქართული მინერალური წყლის იმპორტი სამჯერ შეამცირა - €2.5 მლნ-მდე. ეს 2022 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მოსკოვი თბილისის „პრაგმატულ კურსს“ იწონებდა
ბოლო წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებითად აფასებდა საქართველოს ხელისუფლების „პრაგმატულ კურსს“ მოსკოვთან ურთიერთობებში.
რუსეთის მხარე გულისხმობდა, რომ 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, თბილისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად აკრძალა ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით გამგზავრება.
სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კვლავ შეაქო „პრაგმატული მიდგომისთვის“ და მოსკოვთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის სურვილის არქონისთვის.
