თბილისი (GBC) - „საქართველოსთან მიმართებით ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ“, - ასე უპასუხა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას კითხვას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მცირე ეფექტი ჰქონდა და დაინტერესდა, განიხილავს თუ არა ევროკომისია უვიზო მიმოსვლის უფრო ფართო შეჩერებას ან არსებობს თუ არა საბჭოში მიზანმიმართულ სანქციებზე შეთანხმების რეალური შანსი.

მარტა კოსის განცხადებით, მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული დისკუსია გაიმართება.

ევროკომისიამ უკვე მიიღო გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს პოლიტიკურ ორიენტირებსა და აუცილებელ ქმედებებს. 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში საორიენტაციო საგზაო რუკები წარედგინება ოთხ კანდიდატ ქვეყანას - ალბანეთს, მოლდოვას, მონტენეგროსა და უკრაინას.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამ ეტაპზე მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ასახული იქნება გაფართოების მომავალ ანგარიშში.